logo
ENG



რუსეთი აცხადებს, რომ ხომალდ "მოსკვაზე" ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქებამ გამოიწვია

14 აპრ 202204:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/14/4otjcs406kvaygg.jpg

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის ხომალდზე, სარაკეტო კრეისერ მოსკვაზე ხანძარი გაჩნდა. 

უწყების განცხადებით, საბრძოლო ხომალდ მოსკვაზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქებამ გამოიწვია.

"ხომალდი სერიოზულად დააზიანდა, ეკიპაჟი სრულიად ევაკიურებულია. მიზეზები დგინდება". - წერს რუსული სამთავრობო გამოცემა რია ნოვოსტი თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით. 

კრეისერი სევასტოპოლის ყურეში იყო გაჩერებული. მასზე ეკიპაჟის 510 წევრი იმყოფებოდა. ამასთან, ცეცხლის გაჩენის დროიდან ყურეში შტორმია, რაც ხომალდზე ცეცხლის ჩაქრობას და გემის გადარჩენას ართულებს. 

ინფორმაცია, რომ კრეისერი იწვოდა, 13 აპრილს რამდენიმე უკრაინელმა მაღალჩინოსანმა გაავრცელა. 

ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მაქსიმ მარჩენკომ განაცხადა, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსულ სარაკეტო გემს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები "ნეპტუნი" ესროლეს და ხანძარიც სწორედ ამან გამოიწვია. 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსი არესტოვიჩის თქმით კი, "შესაძლოა, მეზღვაურებმა არასწორ ადგილას მოწიეს სიგარეტი, ან დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, ან უბრალოდ არ უმართლებთ, როგორც არ გაუმართლათ ბელგოროდში". 

მოსკვა ის რუსული სამხედრო ხომალდია, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში უკრაინელმა ჯარისკაცმა ცნობილი მიმართულებით გაუშვა. 

სამხედრო ხომალდი მოსკვა 1982 წელს აშენდა. 2008 წელს რუსეთმა ის საქართველოზე თავდასხმაშიც გამოიყენა. 


close დახურვა